USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განახლებადი ენერგია შესაძლოა, საქართველოს მთავარ საექსპორტო პოტენციალად იქცეს - გიორგი აბრამიშვილი

განახლებადი ენერგია შესაძლოა, საქართველოს მთავარ საექსპორტო პოტენციალად იქცეს - გიორგი აბრამიშვილი

2023-04-17 11:10:39

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი Business Insider Georgia- თან იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებას აფერხებს.

„ორი ძირითადი პრობლემაა, რომელიც არამხოლოდ დიდი ჰესების არამედ პატარა ჰესების მშენებლობას აფერხებს. ეს არის სპეციალურად მართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან.

6 მგვტ-იანი ჰესი იგივე პროტესტის გამო ვერ შენდება სოფელ ლოპოტაში და სხვა ბევრი პატარა თუ მცირე ჰესია, რომელსაც პრობლემა აქვს.

ეს ჰიბრიდული მექანიზმები მუშაობს სამწუხაროდ და შეცდომაში შეჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა. მეორე პრობლემა არის ის, რომ ხელშეწყობის მექანიზმი მთავრობისგან, რომელიც მთელს მსოფლიოშია აპრობირებული, რადგანაც განახლებადი ენერგიები ფინანსურად საკმაოდ ტევადია და მეორეს მხრივ დაბალია უკუგების მარჟა, საკუთარი კაპიტალის ამოღებას სჭირდება ათეულობით წლები.

აქედან გამომდინარე, ხელშეწყობის ინსტრუმენტის გარეშე ვერც ერთ ქვეყანაში ვერ განვითარდა.

ჩვენთან გვქონდა პირდაპირი ხელშეკრულების პრინციპი, როდესაც მთავრობა პირობას უდებდა ჰიდროელექტროსადგურებს, რომ 6 ცენტად იყიდდა ელექტროენერგიას.

ბოლო 3 წელია ეს მექანიზმი შეჩერდა, შესაბამისად ამ მორატორიუმმა შეაჩერა ინვესტიციების მოზიდვა და დაბანდება ჩვენს სექტორში.

ახლახან გამოცხადდა აუქციონი, ახალი ინსტრუმენტი შემოიღო მთავრობამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ბუსტი იქნება იმისთვის, რომ ახალი ინვესტორები მოვიზიდოთ და ახალი სადგურები ავაშენოთ, არამხოლოდ ჰიდრო, მზეც და ქარიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში საკმაოდ გართულდა ბიუროკრატია. შესაბამისად ბევრი დრო სჭირდება ყველა ნებართვის მიღებას“, - აცხადებს აბრამიშვილი.

მისივე თქმით, მთავრობა მალე აღნიშნულ აუქციონებში გამარჯვებულებსაც გამოაცხადებს.

აბრამიშვილი ამბობს, რომ თუ აუქციონი ჯამში გამოცხადებული იყო 300 მგვტ-ზე, განაცხადები 1000 მგვტ-ზე შევიდა. ცხადია, ამ ეტაპზე ხელშეკრულებები 300 მგვტ-ზე გაფორმდება, მაგრამ გიორგი აბრამიშვილის განმარტებით, დაგეგმილია, რომ მეორე აუქციონიც მალევე გამოცხადდეს.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ განახლებად ენერგიებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ამ ეტაპზე ასამოქმედებელი ენერგეტიკული ბირჟა, ვერ უზრუნველყოფს.

„ენერგეტიკული ბირჟა ამ ეტაპზე ვერ წაახალისებს. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ ამ ბირჟაზე ყალიბდება სამართლიანი ფასი გამჭვირვალედ და ამას წლები დასჭირდება.

ყველა ქვეყანაში ამ ბირჟასთან ერად არსებობდა ხელშეწყობის მექანიზმები რომლითაც რაღაც გარანტიებს აძლევდა მთავრობა. მაგალითად დიდ ბრიტანეთში კიდევ 15 წელი იყო ბირჟასთან ერთად გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებები, რათა შეჩვეულიყვნენ. წლების შემდეგ, როდესაც ინვესტორებს გაუჩნდებათ ნდობა, რომ ის ფასი რაც ბირჟაზე დგება სამართლიანია, მეორეს მხრივ გასაგები იქნება ფასწარმოქმნა და სტატისტიკა. ანუ რაღაცა ციფრებზე დაყრდნობა, რომ შეეძლება ინვესტორს მერე ხელშეწყობის ინსტრუმენტის გარეშე სრულად დერეგულირებით იქნება შესაძლებელი ამ ბირჟაზე ვაჭრობით ინვესტორების მოძიება. ეს სამომავლოდ გადადგმული ნაბიჯია“, - განმარტავს აბრამიშვილი.

მისი თქმით, განახლებად ენერგიებზე მოთხოვნა მსოფლიოში მზარდია და ასევე იქნება საქართველოშიც.

„ვფიქრობ, რომ იმ პოტენციალით რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაფერი მოსწრებადია. თუ კი რაიმეში ვართ „წილხვედრი“ ეს ამ ნაწილშია, რადგანაც ამდენი განახლებადი რესურსი გვაქვს და ამის არ გამოყენება ღალატის ტოლფასია.

ამას ემატება ის, რომ ევროპას ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს განახლებად ენერგიაზე.

2023 წლის ოქტომბერში შემოდის ახალი კანონი ევროკავშირში, სადაც ნებისმიერი ნივთის წარმოება თუ არ არის განახლებადი ენერგიებით წარმოებული და ე,წ. ნახშირბადული კვალი მას მოსდებს დამატებითი გადასახადი ემატება.

შესაბამისად ევროპაში ისედაც მაღალი იყო მოთხოვნა განახლებად ენერგიებს და ამიერიდან კიდევ უფრო გაიზრდება და ეს შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მთავარ საექსპორტო პოტენციალად იქცეს“,- აცხადებს აბრამიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები